რა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურობაში პანდემიის მიმდინარეობის დროს და როგორ შეიძლება მუსიკათერაპია დაეხმაროს მათ? ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი, ისედაც სხვადასხვა სფეროს თავისებურებებით, მნიშვნელოვანი ცვლილებებით და ამასთან დაკავშირებული სირთულეებითა და სპეციფიკურობით ხასიათდება, პანდემიის დროს კი კიდევ უფრო რთულდება მოცემულობა. ერთის მხრივ იმიტომ, რომ თავად ზრდასრულები ვართ რთულ, სტრესულ, არაპროგნოზირებად და სრულიად არაკონტროლირებად თუ არა მცირედით კონტროლირებად სიტუაციაში, რაც როგორც არ უნდა ვეცადოთ აუცილებლად აისახება ჩვენს ქმედებებზე.
ამას ემატება ყოველდღიური რუტინის ცვლილება – რაც განსაკუთრებით რთულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ახალ სიტუაციასთან ადაპტაციის სირთულეები აქვთ. ბავშვების შემთხვევაში, მათ შესაძლოა ვერ გაიაზრონ რა ხდება და დარჩეს გაუცნობიერებელ, სახელდაურქმეველ უსიამოვნო და დისკომფორტულ განცდად. მოზარდების შემთხვევაში განსაკუთრებით მტკივნეულად შეიძლება აღიქმებოდეს სოციალური ურთიერთობების დეფიციტი. შესაბამისად, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ამ პერიოდებისთვის დამახასიათებელი ისედაც გართულებული ემოციის რეგულაცია და ქცევითი თავისებურებები, კიდევ უფრო რთულ სახეს იღებს. მაგ: იზრდება სევდიანი, დეპრესიული გუნებ-განწყობის სიხშირე და ინტენსივობა, იზრდება ოპოზიციური ქცევების გამოვლენის ალბათობა, შემდგომ კი უინიციატივობა, უმოტივაციობა, ჩაკეტილობა და ა.შ. თუ დადებითი დინამიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეიმჩნევა, ძალიან მნიშნელოვანია ზრდასრულებმა სწორი რეაგირება მოახდინონ.
ასეთი მდგომარეობების დროს მუსიკათერაპია გვთავაზობს ძალიან ეფექტური ჩარევის გზას. ჯერ ერთი – გვთავაზობს შედარებით უსაფრთხო გარემოს, რომელშიც ბავშვები და მოზარდები შეძლებენ დაიკმაყოფილონ სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილებების ბუნებრივი ტენდენციები. მეორე მხრივ კი, სთავაზობს პლათფორმას სადაც ასე ვთქვათ ლეგიტიმურია ყოველგვარი ემოციური მდგომარეობა. და მესამე, სთავაზობს ნებისმიერი ემოციური მდგომარეობის ექსპრესიისთვის მისაღებ ფორმას. ყოველივე ამით კი, მუსიკათერაპია ქმნის საფუძველს წარმატებული ემოციური თვითრეგულაციისთვის. მუსიკათერაპია სთავაზობს მათ მისაღებ ფორმას და საშუალებას გამოხატონ საკუთარი ემოციები, მიაღწიონ ემოციურ სტაბილიზებას და აითვისონ როგორ შეძლონ ეს სხვა სიტუაციაშიც.