ბლოგი

მუსიკათერაპია და მოზარდობა

მოზარდობის ასაკი ბევრი პრობლემით ხასიათდება და მათ შორის დიდი წილი ფსიქოლოგიურ საკითხებს უკავია. მუსიკათერაპიული ჩართულობა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა მოზარდის ჰარმონიული განვითარების და შესაბამისად, წარმატებული მომავლისთვის. როგორ მოქმედებს მუსიკათერაპია მოზარდებზე? რატომ აქვს მას პოზიტიური გავლენა მათზე? გარდამავალი პერიოდი ბავშვობის ასაკსა და ზრდასრულობას შორის ხასიათდება მნიშვნელოვანი ცვლილებებით, გამოწვევებით, მიგნებებით, აღმოჩენებით, ახალი ინტერესებით – რაც გამოვლინებას ჰპოვებს ქცევით და ემოციურ სირთულეებში. მოზარდების შემთხვევაში ძალიან კარგი შედეგები აქვს აფექტის რეგულაციის, იმპულსური ქცევების რედუქციის კუთხით, ასევე კარგად მუშაობს დევიაციური და ანორმული ქცევების დროს, ბულინგის პრობლემის დროს.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში მუსიკათერაპია მუშაობს როგორც ბულინგის სუბიექტთან, ასევე ობიექტთან და თერაპიულ პროცესში მუსიკათერაპევტი ასრულებს ერთგვარი მედიატორის როლს. ასევე, მუსიკათერაპიას შეუძლია იმუშაოს ბულინგის პრევენციის კუთხით. რატომ აქვს მუსიკათერაპიას მსგავსი ეფექტი? ეს არის თერაპია, რომელიც ამცირებს სტრესს, დაძაბულობას, ამ ასაკისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელ შფოთვებს, ხელს უწყობს რა თვითშეფასების ნორმალიზებას, პიროვნულ-სოციალურ გაძლიერებას, საკუთარი თავის შეცნობას, ამაღლებს თვითრწმენის ხარისხსს, ხელს უწყობს სწორი დაძლევის მექანიზმების ჩამოყალიბებას, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ამ ეტაპზე.

ასევე, რაც უნდა გასაკვირი იყოს მუსიკათერაპიას შეუძლია დისკუსიაში თანამონაწლეობის უნარ-ჩვევების დახვეწაშიც კი დაეხმაროს ბავშვებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული და აქტიური ფუნქციონირებისთვის არამარტო მოზარდობის პერიოდში, არამედ, ზოგადად მთელი მომავალი ცხოვრება. თუმცა, განსაკუთრებით თინეიჯერობის პერიოდში, როდესაც მოზარდი იწყებს დამკვიდრებას სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა თუ გარემოში. კონკრეტულად რა თვისებების ჩამოყალიბებაში ეხმარება მუსიკათერაპია ბავშვებსა და თინეიჯერებს? მუსიკათერაპიას შესწევს ძალა, დაეხმაროს ბავშვებსა და თინეიჯერებს ერთ-ერთი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისების ჩამოყალიბებაში როგორიცაა ემპათია – წარმატებულად მუშაობს რა ემოციური ინტელექტის განვითარებაზე. როგორც თანმიმდევრულად თვითგამოხატვის უნარს, ასევე სხვების მოსმენის კულტურას უყალიბებს მოზარდებს. ავითარებს, წარმოსახვას, შემოქმედებით და კრეატიულ აზროვნებას. აუმჯობესებს თვითრწმენას, თავდაჯერებულობას, მოტივაციურ სფეროს, თვითკონტროლის უნარს.

ისინი უკეთ ახერხებენ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი საკუთარი თავის ძიებისას საკუთარი თავის შეცნობას, რეალური რესურსების აღმოჩენას. ეძლევათ საშუალება მიიღონ გამოცდილება და შეიგრძნონ თავი როგორც ლიდერის, ისე მსმენელის და მაყურებლის როლში, დააფასონ სხვისი აქტივობა და თავისუფალი აზრის გამოხატვა.

მუსიკათერაპია შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური, როგორც წესი მოზარდების ჯგუფური თერაპიის დროს, ხდება მუსიკათერაპიული ბენდის შექმნა – ეს უკანასკნელი ძალიან კარგად მუშაობს გუნდურობაზე, მაგალითად, ბულინგის პრობლემის მქონე ჯგუფების შემთხვევაში.

მოზარდებს უზრდის მიმღებლობას განსხვავებულის მიმართ, ყველა ერთიანდება ერთი მიზნის ქვეშ, ერთიანდება სასურველი ხარისხიანი შედეგის მისაღებად, სადაც თითოეული წევრი ხვდება სხვა წევრის მნიშვნელოვნებას, ცდილობენ, ერთმანეთი მიიღონ ისეთები, როგორიც არიან და ცდილობენ, ერთმანეთის შესაძლებლობები საერთო მიზნისკენ მიმართონ და წაახალისონ.

ვლინდება მათი ნამდვილი ხასიათი, ბუნებრივი ტენდენციები, შესაბამისად, უამრავი აღმოჩენა შეიძლება გააკეთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მუსიკათერაპია ამას ახერხებს ისე, რომ მოზარდის ბუნებრივ ტენდენციებსა და ინტერესებს კი არ ებრძვის და ახშობს, პირიქით, უწყობს ხელს, პოზიტიურ და უპირობოდ მიმღებ, მშვიდობიან და ჰარმონიულ გარემოში, გამოხატონ საკუთარი თავი და შეძლონ შეცვალონ უკეთესობისკენ.